ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი მოზარდი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 20 კოვიდინფიცირებულია.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, 20 პაციენტიდან ოთხი 18 წლამდე ასაკის პირია.

„ახალი პაციენტები არ გვყოლია. ასევე ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პარასკევის შემდეგ, ახალი გამოვლენილი დიაგნოზით პაციენტი არ გვყავს. ბოლო სამი დღის განმავლობაში გვყავს სამი გამოჯანმრთელებული, ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთისთვის დახმარების შესახებ კითხვას, სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკა იმის მიხედვით იმოქმედებს, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ქვეყანაში ცენტრალიზებულად.

„მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად დაგეგმვა. არავინ იცის ხვალ, ორი დღის ან ორი კვირის შემდეგ, რა შეიძლება, იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, რაც გადაწყვეტილებაც იქნება ცენტრალიზებულად ქვეყანაში მიღებული,  ალბათ ყველა იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ბოქსირებული სექტორი შევსებულია და რესურსი გვაქვს, რომ შიდა საჭიროებისთვის, თუ გამოვლინდა პაციენტები, მათ არ მოვაკლოთ მზრუნველობა. ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ ამაზე და ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ეს ხდება ცენტრალიზებულად“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები