ბელა ბერკემერ-მახარაძე მეშახტეების პატივსაცემად ჭიათურაში კონცერტს გამართავს

ყველასათვის საყვარელი და ცნობილი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ბელა ბერკმერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, და დირიჟორი უვე ბერკემერი, რომლებსაც სულში ჩამწვდომ მუსიკოსებს უწოდებენ, საერთაშორისო ტურნეს საქართველოდან იწყებენ. ამჯერად, მუსიკოსები სოლო კონცერტს მეშახტეებს მიუძღვნიან.

კონცერტი 19 ივლისს, ჭიათურაში გაიხსნება, რომელიც შემდეგ მშობლიურ ნატანებში, საბერძნეთსა და ამსტერდამში გაგრძელდება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ევროპული ტურნე საქართველოდან იწყება. ძალიან დათრგუნულები ვართ ჭიათურის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. რაც შეეხება კონცერტს, ეს იქნება კლასიკური კონცერტი, რომელიც გარდაცვლილი მეშახტეების საპატივცემულოდ ტომაზო ალბინონის ადაჟიოთი გაიხსნება. ასევე, მსენელს შევთავაზებთ: ანტონიო ვივალდის, იოჰანეს ბრამსის, ენდრიუ ლოიდ ვებერის, ჯონ უილიამსის, უვე ბერკემერის, ვაჟა აზარაშვილისა და ვიტორიო მონტის ნაწარმოებებს. დარწმუნებული ვარ ეს კონცერტი იქნება სულის ზეიმი” – განუცხადა ბელა ბერკემერ-მახარაძემ “მთავარს”.

​ჭიათურაში გამართულ კონცერტს მსმენელები მთელი საქართველოდან დაესწრებიან. ასევე, საპატიო სტუმრები ჩამოვლენ ჰოლანდიიდან.

მსგავსი თემები