„ეს ყველაფერი ჰგავს ხეს, რომელსაც ყლორტს  ნაჯახით აჭრიან“ – გაიანე სეროპიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„მივცეთ ადამიანს შესაძლებლობა ნორმალური სასკოლო განათლება მიიღოს“ – ეს განცხადება ნინოწმინდიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გაიანე სეროპიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მან ადგილობრივების გზავნილი გაახმოვანა და დაკავებული მოზარდის პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვა.

„პედაგოგად მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს, თან  გენდერული თანასწორობის განყოფილებაში ვმუშაობ, ამ მოზარდსაც კარგად ვიცნობ, ეს ყველაფერი ჰგავს ხეს, რომელსაც ყლორტს  ნაჯახით აჭრიან.  მივცეთ ადამიანს შესაძლებლობა, ნორმალური სასკოლო განათლება მიიღოს. გამოუშვან თავდებში და გამოძიება განაგრძონ. ეს მიმაჩნია სწორ ქმედებად. ის ჯერ ნორჩია, ახალგაზრდა და ნუ დავუნგრევთ ცხოვრებას. ეს ადამიანი 12 წლის განმავლობაში სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო. ხომ ხვდებით, მისი მხრიდან რა მონდომება და შრომაა ჩადებული სწავლაში. ახლა კი გამოდის რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი დრო ენერგია და მოლოდინებია. მივცეთ ადამიანს უფლება სწავლა დაასრულოს!“ – განცხადა პედაგოგმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობამ, არმენ მკოიანის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით 21 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა. 12-ე კლასელი მოსწავლე არმენ მკოიანი  26 მარტს,  ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალად ედება 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) ჩადენილი დანაშაული. საუბარია შემთხვევაზე, როცა პოლიციის ყოფილმა უფროსმა სამველ პეტროსიანმა დეპუტატ ენზენ მკოიანს ესროლა. არმენ მკოიანმა კი მის შესაშინებლად მანქანიდან იარაღი აიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იყო სათამაშო იარაღი.   

მსგავსი თემები