არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან და მისი გათავისუფლების მოთხოვნით 21 000 ხელმოწერა შეაგროვეს

  •  

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დაკავებული მოზარდის – არმენ მკოიანის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ 21 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან.

განცხადების შინაარსი მათ დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გააჟღერეს.

“გვინდა არმენ მკოიანის შესახებ ჩვენი მოსაზრება და სურვილების შესახებ მოგითხროთ:

არმენ მკოიანი არის სკოლის მოსწავლე (12 კლასი), სკოლაში იგი გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფა-ქცევით. არასდროს არღვევდა სკოლის განაწესს. აგრეთვე, არის წარჩინებული მოსწავლე, რის გამოც გასულ წელს, როგორც წარჩინებულს სკოლისგან გადაეცა პრიზი – კომპიუტერი ე.წ. ლეპტოპი, წელსაც წარდგენილი არის დაჯილდოებისთვის.

ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ არსენ მკოიანს. ვახასიათებთ მას დადებით ახალგაზრდას, რომელიც თანატოლებში, მასზე უფროსებსა და ყველა ასაკის ადამიანებში კარგი სახელით სარგებლობს. მას ყველა ვიცნობთ, როგორც მეგობრულ, კეთილ, ქველმოქმედ, ზრდილობიან ახალგაზრდად, რომელიც არასდროს არ ყოფილა არათუ დანაშაულის ჩადენაში, არამედ, რამე გადაცდომაში შემჩნეული. ყველას გვიხარია და გვეამაყება მასთან მეგობრობა და ურთიერთობა.

გვინდა აგრეთვე გამცნოთ, რომ არმენ მკოიანი არის დაავადებული. მას, თბილისში მდებარე კლინიკა “ვივადემი”-ს და თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლში მდებარე ამერიკულ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაუდგინდა თავში საკმაოდ დიდი ზომის კისტა, რომელიც პროგრესირებს, საჭიროებს კლინიკაში სისტემურ მეთვალყურეობას, რომ სიმსივნეში არ გადაიზარდოს.

მიგვაჩნია, რომ 19 წლის მოზარდის დახურული ტიპის საპყრობილეში ყოფნა გააუარესებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამას ემატება ისიც, რომ მას ჯერ მყარად არ აქვს ჩამოყალიბებული ფსიქიკა, იზოლირება, საპყრობილე, დახურული სივრცე, მოწყვეტა ოჯახს, სკოლას, ნაცნობ გარემოს, მეგობრებს, მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეაფერხებს მისი ნორმალური განვითარების შესაძლებლობას, მაგრამ შეიძლება ფატალური შედეგებიც გამოიწვიოს”, – წერია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით)” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელ 21 000-მდე მოქალქე აწერს.

აღნიშნულ თემაზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სახელით, პედაგოგებმა დღეს “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრეს.  

მსგავსი თემები