“უნდა შევწუხდეთ და ვიდრე კორონავირუსი იქნება, ნიღბები ვატაროთ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ესმის, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეული პირბადის ტარებას,  ამის გამო დამატებით დისკომფორტს განიცდიან.

თუმცა, იმნაძის თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ლაბორატორიის მუშაკებს, ექიმებს მათთან შედარებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ნიღბის ტარება.

„ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და იმისთვის, რომ ავადმყოფი გადაარჩინონ, საათობით უკეთიათ ნიღბები ოპერაციის დროს. ჩვეულებრივ, მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამედიცინო ნიღბების ტარება. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნიღბები შეუძლიათ, ატარონ“,- განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ნიღბის გამოყენებით ვირუსის გადადების რისკი მკვეთრად მცირდება.

„ვიდრე არ გვექნება იმის აბსოლუტური გარანტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ფართო გავრცელებას არ მიიღებს ვირუსი, ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს ბევრი, აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად და ვინ – არა. ამიტომ, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმის, რომ ჩვენ ვიღაც სხვა გავხადოთ ავად“,- განაცხადა პაატა იმნაძემ ონლაინკონფერენციაზე

მსგავსი თემები