რუსთავის მერიაში რუსთავის მერის მოადგილის ცემის ფაქტს ადასტურებენ

  •  

რუსთავის მერის მოადგილის ცემის ფაქტზე განცხადება რუსთავის მერიაშიც გაკეთდა. ადმინისტრაციის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის მერიის შენობაშივე დააკავეს.

“მერის ადმინისტრაციულ შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებული იქნა შესაბამისად საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხზე სხვა კომენტარს არ ვაკეთებ,” – განაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ.

შეგახსენებთ, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია სცემეს. მას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

34 წლის მამაკაცს, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალი უკვე წარედგინა. მის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

მსგავსი თემები