“ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“ – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩვენ დათვლილი გვაქვს ხმები. იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც არის საკმარისი ხმები, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების თვალსაზრისით არ იქნება არანაირი დაბრკოლება. იყო საუბარი იმაზე, რომ წინა წლების განმავლობაში განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ჩვენ გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, შემოღებულ იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და ეს კონსტიტუცია, რომელიც უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება ჩვენს ქვეყანაში, არის მთლიანად შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, თუმცა რჩებოდა ერთი პრინციპული საკითხი – ეს იყო საარჩევნო სისტემის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებდა დროებითი გარდამავალი დებულება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამ გარდამავალი დებულების ცვლილებაზე, რომელიც თავის დროზე გახდა ოპოზიციის კრიტიკის საგანი. სწორედ აქ შედის პოზიტიური ცვლილება და ხდება ამ ნორმის გადასინჯვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 120/30-ზე მოდელი იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას.

„პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში, შედეგი რაოდენობრივი თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ჯამურად უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლობა არის იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თუ დადგენილი იქნებოდა ხუთპროცენტიანი ბარიერი, მაგრამ 2016 წელს რომ ჩატარებულიყო სრულად პროპორციული არჩევნები ხუთპროცენტიანი ბარიერით, „ქართულ ოცნებას“ იმ შედეგით, ანუ 49-პროცენტიანი შედეგით ექნებოდა 91 მანდატი მაშინდელ პარლამენტში და ამ სისტემითაც, „ქართული ოცნება“ მიიღებდა 91 მანდატს. ანუ შედეგი, რასაც წარმოშობს ეს სისტემა, არის იმის იდენტური, რაც ექნებოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები