რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა საერთოდ არ განიხილება – ეკა ლალიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში, წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, უცნობია რა რეაგირებას ახდენს და რა პასუხი აქვს იმ უწყებების საკოორდინაციო რგოლს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამ გამოწვევებზე, ხოლო რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა საერთოდ არ განიხილება.

როგორც ეკა ლალიაშვილმა მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკოორდინაციო რგოლი არის ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა, მას აქვს მხოლოდ კოორდინაციის ფუნქცია, მაშინ როდესაც, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების თანახმად, მას უნდა ჰქონდეს მონიტორინგის, შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების გაცემის ფუნქცია.

​მისივე თქმით, საკოორდინაციო რგოლის შემადგენლობაში არ არიან წარმოდგენილნი რეგიონული მუნიციპალიტეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა არც კი განიხილება და შედეგიც სახეზეა.

“ეკონომიკის სამინისტროს, როგორც საკოორდინაციო რგოლს, აქვს სამოქმედო გეგმა. ამ სამოქმედო გეგმას უნდა ჰქონდეს გაზომვადი და მისაღწევი ინდიკატორები, რაც დღეს არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საით მივყავართ თითოეულ აქტივობას. როცა დღეს ეს არ არსებობს, ბუნებრივია ვერ შეფასდება საკოორდინაციო რგოლის მუშაობის ეფექტიანობა და კითხვის ნიშანი შეიძლება დაისვას, – რატომ არსებობს ეს რგოლი, რომელიც ვერ მუშაობს იმ გამოწვევების აღმოფხვრაზე და ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მსგავსი თემები