“აღსანიშნავია, რომ დღეს მიკროსაფინანსო სექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების საგარანტიო სქემაში მონაწილეობს” – კობა გვენეტაძე

ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა ამ სექტორის რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც რეგულირებად სექტორს, როგორიც არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე, ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტები, ე.წ. ლომბარდები და სავალუტო ჯიხურები.

„აღნიშნული ცვლილებები, ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ხელს უწყობს  მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. ამ ყველაფერმა სექტორი ფინანსურად საგრძნობლად გააჯანსაღა და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. ამასთან, სექტორის გაჯანსაღებამ განაპირობა ის, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლო დღეს ესოდენ აუცილებელი ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტების მიწოდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რაც ორი-სამი წლის წინ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების საგარანტიო სქემაში იღებს მონაწილეობას.

„სექტორის ყურადღება სამთავრობო პროგრამებმაც მიიპყრო და აღნიშვნის ღირსია, რომ დღეს მიკროსაფინანსო სექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების საგარანტიო სქემაში იღებს მონაწილეობას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, არაერთი ღონისძიება გატარდა სესხის გამცემი სუბიექტებისთვის და სავალუტო პუნქტებისთვის, რაც ამ სექტორების მომხმარებლების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები