“მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან” – ზაზა გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია “სითი პარკის” მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება.

ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.​

მსგავსი თემები