„მკვლელი წერტილები“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გზებზე არსებული ე.წ. შავი წერტილების დროულად იდენტიფიცირებას, სპეციალური მექანიზმების შემუშავებასა და  შესაბამისი უწყებებისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

​როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე შესაძლებელია ე.წ. შავი წერტილებისა და შავი მონაკვეთების იდენტიფიცირება.  კერძოდ, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, თუ 3 წლის განმავლობაში 4-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება ან მძიმე დაშავებით დასრულდება, ეს ადგილი, დაახლოებით 100-დან 300 მეტრამდე მანძილი არის “შავი წერტილი”. მაგრამ არსებობს “შავი მონაკვეთები”, რომლებიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს და 6-ზე მეტი ადამიანი თუ დაიღუპა ის უკვე შავ მონაკვეთად ითვლება.

ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ე.წ. შავი მონაკვეთებია – თბილისში: კახეთის გზატკეცილი – 108 შემთხვევა; აღმაშენებლის ხეივანი – 120 შემთხვევა; წერეთლის გამზირი, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები – 100-ზე მეტი შემთხვევა. ყველა ამ მონაკვეთზე ფატალური შედეგით დასრულდა დაახლოებით 5-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა.

ასევე, ქუთაისი: ჭავჭავაძის გამზირი – 90 შემთხვევა, ნიკეას ქუჩა – 68 შემთხვევა, აღმაშენებლისა და ავტომშენებლის გამზირებზე  დაახლოებით 40-დან 90 შემთხვევამდე ფიქსირდება.
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე დაფიქსირდა 168 შემთხვევა, ჭავჭავაძის ქუჩაზე – 130 შემთხვევა, აეროპორტის გზატკეცილი – 81 შემთხვევა, რუსთაველის გამზირი – 76 შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ახალი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ვითარება ამ მხრივ ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა.

” ყოველდღიურად მომსწრენი ვართ რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ქვეყნის მატერიალური დოვლათი, თუმცა ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ მათი სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი და იგივე მონაკვეთებში ხშირად ვხედავთ საგზაო შემთხვევებს, რომელიც ფატალურად სრულდება. ბუნებრივად იბადება კითხვა, – რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ამ “შავ წერტილებსა” და “შავ მონაკვეთებზე” ეს მდგომარეობა”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

​მისივე თქმით,  სამწუხაროდ წლებია გვესმის რომ შემუშავების პროცესშია მექანიზმები, რასაც საბოლოო ჯამში მოაქვს “შავი წერტილების” დადგენა.  ოფიციალურად დღეს, ვერ აღირიცხება “შავი წერტილები” ქვეყანაში, უბრალოდ, გვაქვს ჩამონათვალი, როდესაც “112”- ში შევიდა ზარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე და დაფიქსირებულია ის მონაკვეთები, სადაც 10 და მეტი მეტი საგზაო შემთხვევა მოხდა.

“ამას სჭირდება მიზანმიმართული მუშაობა. სპეციალური მექანიზმი უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, რომელიც ე.წ. შავ წერტილებზე რეაგირებას მოახდენს”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მსგავსი თემები