“ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, არასწორია” – ანრი ოხანაშვილი

ერთ-ერთი დამცავი ნაბიჯია, რომ პრევენციული ღონისძიება გავატაროთ, მათ შორის, ჯარიმის სახით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, არასწორია.

„ვერ გეტყვით, ვინ მოიგონა და რატომ ავრცელებენ. ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება. ჩვენი ერთადერთი მიზანია, შევიმუშავოთ წესები, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე დავიცვათ კორონავირუსის გადადებისგან თუ შემდეგი გავრცელებისგან. ვმუშაობთ, რათა დეტალურად გავწეროთ ყველა ის წესი, რომლის დაცვაც არის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ გათვალისწინებული იქნება ის, რომ პირბადის ტარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დეტალურად იქნება გაწერილი, რა წესების დაცვა იქნება საჭირო, რადგან ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის შემდგომ ეტაპზე გადავედით და საჭიროა რეაგირება.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, რომ ვინმეს ტვირთად დააწვეს ჯარიმა. ვინც უგულებელყოფს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საზოგადოება ასეთი ადამიანებისგან უნდა დავიცვათ. ამის დამცავი ერთ-ერთი ნაბიჯია ის, რომ პრევენციული ღონისძიება გავატაროთ, მათ შორის, ჯარიმის სახით. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის და ისეთი მძიმე ფულადი თანხა, რაც არ ჩაჯდება რაციონალურ ჩარჩოში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები