“ადამიანის უფლებებთან მიმართებაში წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება” – გია გაჩეჩილაძე

  •  

 „უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების 30 – 40 -იანი  წლების გამოცდილება მახსენდება.   მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ  ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“  თავმჯდომარემ,  გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით,  2011 წელს   დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით  საქართველო  140 ქვეყნიდან 134 ადგილზე იყო.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვიცით როგორ იბარებდნენ ხალხს, როგორ ართმევდნენ ქონებას  როგორც ექცეოდნენ ბიზნესმენებს, კერძო მესაკუთრეებს, მაგრამ ასეთი სამარცხვინო ინდექსი ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. არსებობს, ასევე გაეროს მოწყვლადობის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის  მიხედვით ოჯახების 54%-ში  ერთი ქრონიკული დაავადების  მქონე ადამიანი მაინც იყო და მათგან  90%-მდე ვერ მიდიოდა ექიმთან იმიტომ, რომ გადახდის საშუალება არ ჰქონდა და ეს ადამიანები უბრალოდ იღუპებოდნენ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“  თავმჯდომარემ,  გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები, დამოკიდებულება ადამიანის და საზოგადოების მიმართ,  მადლობა ღმერთს, წარსულს ჩაბარდა  და იმედია,  რომ საზოგადოება და ის უამრავი ადამიანი, რომელმაც   ეს კატასტროფა გაიარა, რეალურად შეაფასებს  მდგომარეობას.

მისივე თქმით, პროკურატურაში 54 ათასი განაცხადია შეტანილი უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით და ამ საკითხების მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება.​

მსგავსი თემები