„ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს” შორის Forbes საქართველოსაც ასახელებს

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები: ამ 7 ქვეყანას აქვს პოტენციალი, იქცნენ მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში“ – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

სტატიის ავტორმა ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავების ჩამონათვალში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა.

„უპრეცედენტო კრიზისის პირობებში გლობალური ტურიზმი მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდა, მაგრამ ბევრი ქვეყანა უკვე ემზადება უცხოელი ტურისტების ბუმისთვის, რომელიც მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება სრულფასოვანი მოგზაურობა. ზოგი ქვეყნისთვის კი ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი, როგორც ტურიზმის თვალსაჩინო რეგიონულმა მიმართულებებმა.

მართალია, ქვემოთ მოყვანილ ქვეყნებს ჯერ კიდევ მისაღები აქვთ მსოფლიო კლასის ტურისტული მიმართულების სტატუსი, მაგრამ აქ ყველა საჭირო ინგრედიენტი ადგილზეა: ხელუხლებელი ბუნების სილამაზე, ისტორიული მონუმენტები და საოცარ კულტურასთან ზიარება – ყოველივე ეს უხვადაა წარმოდგენილი ამ 7 ქვეყანაში, რომლებიც ჯერ სათანადოდ არ არიან დაფასებული.

საქართველო, რომელიც ხშირად ეშლებათ ამერიკის „ატმების შტატში“ [Georgia], დამაჯერებლად მიიწევს წინ, რათა მოიპოვოს კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე იდილიური ტურისტული მიმართულების წოდება. დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა ქვეყნის დედაქალაქით – თბილისით, რომელიც გამოირჩევა ძველი უბნებით, სადაც უხვადაა მოკირწყლული ქუჩები, უძველესი ეკლესიები და რესტორნები მტკვრის გაყოლებაზე. საქართველოს ქალაქური ყოფა მართლაც საოცარია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც ქვეყნის თვალწარმტაცი ბუნება: დასავლეთისკენ ბორცვებზე გადაჭიმული საძოვრები და იდილიური დასახლებები აუცილებელ სანახაობას წარმოადგენენ. ასევე არ დაგავიწყდეთ ქართული ღვინის დაჭაშნიკება. საქართველო ხომ მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში – არსებული აღმოჩენები ცხადყოფს ქართული მეღვინეობის აყვავებას ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000 წელს“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი თემები