ახალ სამთავრობო პროგრამაში იგრძნობა წლობით დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები – დიმიტრი ხუნდაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივებს პერსპექტიულად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები დაჩქარებული ტემპით წარიმართება.

​დეპუტატის აზრით, ახალ სამთავრობო პროგრამაში აშკარად იგრძნობა მმართველი გუნდის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკური ბლოკის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები – ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკის რეფორმებზე.

„ჩვენ დავამტკიცეთ ახალი მთავრობა არა მხოლოდ განახლებული სახეებით, არამედ, განახლებული და შეიძლება ითქვას, ზოგ სფეროში განსხვავებული პროგრამით. ეს არის ახალი გუნდის მიერ წარმოდგენილი  ახალი ხედვები ძველი გამოცდილების გათვალისწინებით.  სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უნდა აისახებოდეს. ქვეყნის  სოციალური პოლიტიკის თვისობრივი ცვლილება კი შეუძლებელია,  თუკი ეკონომიკური სტარტეგია ამის საშულებას არ გაძლევს”, – აცხადებს დეპუტატი და იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა წარმოდგენილ პერსპექტიულ ცვლილებებს დაჩქარებული ტემპით განახორციელებს.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ყველა მთავრობას აქვს სერიოზული დამსახურებები ქვეყნის წინაშე, რაც უკვე სასიკეთოდ აისახა ბევრი მიმართულებით. თუმცა, პრობლემები იმდენად ბევრია, რომ ხელისუფლებისგან უფრო სწრაფი  და სწორი ქმედებაა საჭირო.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია  სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების  დონის ზრდის გარეშე. ახალ სამთავრობო პროგრამაში კი ძირითადი აქცენტები სწორედ ამ მიმართულებებზეა გაკეთებული.

“ვფიქრობ, ახალი მთავრობა  მმართველი გუნდის მიერ დაგროვილ გამოცდილებას არა მხოლოდ პროგრამის შემუშავების,  არამედ, მისი განხორციელების პროცესშიც გაითვალისწინებს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები