“ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება” – საქართველოს მთავრობა

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად – ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

„ამასთან, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის, შავ ზღვაზე შესაბამისი ინფრასქტრუქტურის განვითარების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონიმიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 2019 წელს დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მშენებლობა.

„2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს გადაეცა საქართველოს მთავრობის წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. სხვადასხვა ეტაპზე შემუშავდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს ერთობლივი პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი მიზნების, ასევე ასოციირებული პარტნიორებისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის თაობაზე, რომლებიც მიეწოდა ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს; 2020 წლის აპრილში მომზადდა და ვიშეგრადის ქვეყნებს გადაეცა საქართველოს პოზიცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალსა და „ვიშეგრადის ჯგუფის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში; მომზადდა წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტისთვის ევროპარლამენტის რეკომენდაციების პროექტზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი თემები