“საქართველოში უკვე მოქმედებს 45 სანოტარო ბიურო, თბილისის მასშტაბით ხვალ რვა დაემატება და გახსნის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე 45 სანოტარო ბიურო მოქმედებს, ხოლო ხვალ თბილისის მასშტაბით კიდევ რვა დაემატება.

„მინდა, ორი მიმართულებით მივაპყრო საზოგადოების ყურადღება. პირველი ის, რომ საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები იხსნება ეტაპობრივად და დღეს დილით საქართველოში უკვე გვაქვს 45 მოქმედი სანოტარო ბიურო, ხვალ დილით დაემატება რვა ახალი სანოტარო ბიურო თბილისის მასშტაბით. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ თბილისში, დედაქალაქში სანოტარო მომსახურება მეტ-ნაკლებად ხელმისწავდომი იქნება.

თუმცა გახსნის პროცესი გაგრძელდება და ყველა ის სანოტარო ბიურო, რომელიც ითანამშომლებს საქართველოს ისუტიციის სამინისტროსთან, იმისათვის, რომ მოქალაქეთა მისაღები სივრცე აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სფეროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ძალიან მოკლე ვადაში იქნება გახსნილი“,- განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, გაიხსნა პირველი სანოტარო ბიუროები რეგიონებშიც.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე ბიურო, ასევე დღეს, ხვალ და ზეგ ვვარაუდობთ, რომ ქუთაისის, აჭარის და რამდენიმე რეგიონის, კახეთის სანოტარო ბიუროები გაიხსნას, სადაც იქნება ელემენტარული ნორმები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მოქალაქეთა ნორმალურ პირობებში მისაღებად“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები