“ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამის აუცილებლობა არ არის” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დახურულ სივრცეში კონდიციონერების აკრძალვის მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ სიცხეში პირბადეების მოხმარება კიდევ უფრო რთული იქნება.

„ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამან შესაძლოა, პირბადეების მოხმარება გააუარესოს, რადგან სიცხეში პირბადის გაკეთება კიდევ უფრო რთულდება, ხშირად სველდება პირბადე და ხშირად უნდა გამოიცვალონ, ამიტომ, რთულად წარმოსადგენია, რომ პირბადეები ადამიანებმა ნორმალურად გამოიყენონ. ამასთან, შეიძლება ორგანიზმი გადახურდეს, რაც სერიოზული სტრესია ორგანიზმისთვის და ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა – ორგანიზმს ინფექციებისადმი დაცვა შეიძლება, გაუუარესოს“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ ავრცელებენ ასეთ კატეგორიულ რეკომენდაციას, რომ კონდიცირება უნდა აიკრძალოს შენობებში.

„აშშ-ში, გათბობის, გაგრილების და კონდიცირების სისტემის ინჟინერთა ასოციაციის რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიამ კონდიცირების სისტემის აკრძალვა არ უნდა განაპირობოს. თუმცა, მინიმალური თეორიული რისკი არსებობს და ასეთი ერთი შემთხვევა აღწერილიც არის – ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში მაღალი ალბათობით, სწორედ კონდიცირების სისტემით გავრცელდა ინფექცია, მაგრამ სხვა შემთხვევები ჯერ არ არის აღწერილი. მთელ მსოფლიოში, უკვე ბევრგან ცხელა, სადაც კონდიციონერებს იყენებენ და გადაცემის შემთხვევები ოფიციალურად არ დადასტურებულა.

როგორც ჩანს, რისკი ძალიან დაბალია. ამიტომ, ვიდრე ადამიანებს სერიოზულ დისკომფორტს მივუსჯით, კონდიცირების აკრძალვა ბევრი ორგანიზაციისთვის, ბევრი ადამიანისთვის მძიმე განაჩენი იქნება. ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ, მე ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა არ არის ჩვენი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითაც.

თანაც, მაღაზიებსა და აფთიაქებში თუ ავკრძალავთ, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, როგორ წარმოგვიდგენია ის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება. მოკლედ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა ამასთან დაკავშირებით და იმედია, ამას გაითვალისწინებენ, ვიდრე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. იმედია, არ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

მსგავსი თემები