“ავტობუსებში პატიოსნად იცავენ წესებს, თუმცა მიკროავტობუსებში არა, გასაფრთხილებელია ეს ხალხი” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დაკვირვებით, ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს, თუმცა მიკროავტობუსებში არა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ადამიანები გასაფრთხილებელი არიან.

​„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ანუ გაიზარდა სერიოზულად მობილობა. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს. დღეს, ვიდრე სამსახურში მომიწევდა მოსვლა, დილით მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანის მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის ატრიბუტები.

თქვენი საშუალებით, მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები სამი, ხუთი, ათი, თხუთმეტი – ეს არ აარის პრობლემა, ეს მართვადია და ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართავს. ყველა ნახავთ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდებიან. ერთადერთი, არის რომ ძალაში რჩება სლოგანი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება „კოვიდთან“ ერთად, მოგვიწევს ეს. „კოვიდი“ დღეს და ხვალ არსად არ წავა, არც ამ წლის ბოლომდე არ გაქრება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი. ახლა გაიხსნება ორშაბათს ღია რესტორნები, ახალგაზრდები ბრძანდებით და ვიცი, წახვალთ კაფეებში და ღმერთმა მოგცეთ ამის საშუალება, გაერთეთ, კარგია, მაგრამ ყველგან დავიცვათ წესები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები