კოკა კობალაძის ცემისთვის პოლიციის უფროსი და თანამშრომლები სისტემიდან გაუშვეს

შსს-ს  გენერალურმა ინსპექციამ  20 წლის კოკა კობალაძის ცემის ფაქტი გამოიძია და ფაქტი დაადასტურა. შესაბამისად, მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ცემის ფაქტში მონაწილე პოლიციელები , მათი ზედამხედველი და პოლიციის სამმართველოს უფროსი როგორც  თანამდებობებს, ისე სისტემას დაეშვიდობებიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ადამიანების ადგილი პოლიციის სისტემაში არ არის.

„მინდა ავღნიშნო რაც ხდება გენერალურ ინსპექციაში. კოკა კობალაძის საქმეზე მინდა გითხრათ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ მასთან სტუმრად, ვიზიტით მართლაც იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2 თანამშრომელი. მათ ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი დაადგინა გენერალურმა ინსპექციამ ძიების შედეგად. მსგავსი ქმედება მიუღებელია სისტემისთვის , ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს 2 თანამშრომელი, მათი კონკრეტული უშუალო  ხელმძღვანელი და თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ხელმძღვანელი დათხოვნილები იქნებიან შს რიგებიდან, რამეთუ, მსგავსი  საქციელის ჩამდენი ადამიანების, პოლიციელების ადგილი სამინისტროში არ არის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ  20 წლის კოკა კობალაძის განცხადებით, მას სახლში 2 სამართალდამცველი ფიზიკურად გაუსწორდა.  კობალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მისგან პოლიციელები გარკვეული ჩვენების მიებას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კოკა კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომლების ყოფნას არ ადასტურებდა.

მსგავსი თემები