ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, – იფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის მოადგილემ ნორვეგიის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

„საუბრისას ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მექანიზმების წვდომის საჭიროებას. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავარ საკითხებზე არსებითი პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის გააქტიურებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად იდგას საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშროლობის მნიშვნელობა.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები