„ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია“ – გიორგი გახარია რომან გოცირიძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძეს დემაგოგი უწოდა და მის დასმულ კითხვაზე პასუხი საჭიროდ არ ჩათვალა.  

„ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია, ბატონო არჩილ იქ  (ადგილზე) თუ როგორმე ჩამირთავთ მიკროფონს, უკეთესია“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია რომან გოცირიძის შეფასებას და პარლამენტის თავმჯდომარეს არა ტრიბუნასთან დგომა, არამედ, მთავრობისთვის განკუთვნილ ადგილას მიკროფონის ჩართვა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის თხოვნა, გიორგი გახარიამ კი რომან გოცირიძეს ასე მიმართა: „ჩვენი სამწუხარო რეალობა სწორედ იმაშია, რომ თქვენ ის კი არ გაინტერესებთ სიღარიბე, რომელიც მართლა არსებობს,  რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ იყოს, თქვენ წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იმ დროში“.

რაც შეეხება რომან გოცირიძის შეფასებას, მან პრემიერ მინისტრი ტყუილი ციფრების ტირაჟირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რაზეც ის საუბრობს, ყველაფერი სიცრუეა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, სიცრუეა. თქვენ მოგვაწოდეთ წერილობით რაღაც დოკუმენტები, იცით თუ არა რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ, რომ გაეროს კვლევით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. თქვენც მოგხსნით ის მალე. თქვენს მიერ მოტანილი ყველა ციფრი არის სიცრუე. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეშია“ – მიმართა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას.   

მსგავსი თემები