“საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად” – ჯანმო

“საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

„რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, სიტუაცია იცვლება და რთულია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ვითარება საქართველოში ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ დროისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეგისტრირებულია 100-ზე ნაკლები შემთხვევა. ასე რომ, ეს არის ქვეყანა, რომელიც დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ტურისტები ჩავიდნენ ქვეყანაში. რაც შეეხება თავად ტურისტებს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ შეძლოს ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევების მართვა და კონტროლი იმ ვითარებაში, როდესაც ტურისტები იმოგზაურებენ ქვეყნის ფარგლებში, განსაკუთრებით სოფლებში, მთიან რაიონებში. საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ტურისტების განთავსების დაწესებულებებმა, სასტუმროებმა შეძლონ უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება და ჯანდაცვის სისტემას ჰქონდეს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს დაავადების ნებისმიერ შემთხვევას იმ რაიონებში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის ძლიერი ნაწილია“, – განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა.

მსგავსი თემები