“საქართველოში არის 35 000 მშენებარე ბინა, 35 000 ბინის მფლობელი მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი კორპუსი დასრულდება” – მაია ცქიტიშვილი

დღეს საქართველოში 35 000 ბინა არის მშენებარე, 35 000 ბინის მფლობელი მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი დასრულდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ესწრებოდა.

მისი თქმით, აღარ იქნება საჭირო ლოდინი, როგორც ეს რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში უკვე მოხდა და მშენებლობები დასრულდება დროულად.

„დღეს საქართველოში 35 000 ბინა არის მშენებარე, 1 მილიონ 700 ათასი კვ/მ კომერციული მშენებლობა ხორციელდება, ეხება როგორც ბინებს, ასევე კომერციულ ფართებს. 35 000 ბინის მფლობელი უფრო მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი დასრულდება, დასრულდება დროულად და არ მოუწევს ისევ წლობით ლოდინი, როგორც სამწუხაროდ, მოუწია „ცენტრ პოინტს“, თუნდაც „აქსისს“, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო მხარდაჭერა და მრავალ სხვა კომპანიას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო აძლევს დეველოპერულ სექტორს დამატებით რესურსს, რომელიც მშენებლობების დროულად დამთავრების საშუალებას მისცემთ.

„გარდა ამისა, აქცენტს ვაკეთებთ მათ შორის უშუალოდ სექტორზე. ღონისძიებები, რომელიც არის თუნდაც სესხების სუბსიდირება, სესხების გარანტირებაზე მიმართული, მათ შორის დევნილი მოსახლეობისთვისაც, 6000 ოჯახისთვის 150 მლნ ლარის ღირებულების ბინების შესყიდვა მხოლოდ ამ წლის განმავლობაში, ემსახურება როგორც, რა თქმა უნდა, დევნილების ბინებით დაკმაყოფილებას, ასევე დეველოპმენტის სექტორს. ჩვენ ვაძლევთ მათ იმ დამატებით რესურსს, რომელიც მისცემთ საშუალებას, დროზე დაამთავრონ კორპუსები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები