“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ” – ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება.

„დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, დამალული არაფერია. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე.

„საქართველოში ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტი ურთიერთმისაღებ საფუძველზე ჯერჯერობით არ გამოდის. ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ მოუხდენია საგნობრივი რეაგირება ჩვენ ნოტაზე ლაბორატორიაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისის პასუხს ველოდებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები