“თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები ათასიდან 6 ადამიანს აღმოაჩნდა და არა 6 პროცენტს” – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, მან გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამ საკითხზე საუბრისას ტექნიკური შეცდომა დაუშვა.

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა – ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, კვლევაში თბილისის მოსახლეობა მონაწილეობდა. კვლევა სწრაფი ტესტებით ჩატარდა და 6 მონაწილეს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოუჩნდა.

მსგავსი თემები