სააკაშვილი უკრაინის ახალ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს, რომელსაც ზელენსკიმ ხელი 21 მაისს მოაწერა

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ სასწრაფოდ შესაცვლელია ქვეყნის ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც, მისი თქმით, ზრდის საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილებას და ართულებს გადასახადების ადმინისტრირებას.

ინფორმაცია ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში გაჟღერდა.

საუბარია კანონპროექტ 1210-ზე, გადასახადის გადახდის თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისს მოაწერა ხელი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ სურდა ამ კანონზე ხელის მოწერა, მაგრამ მისი მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა.

იმავე ტელეეთერში სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების შესახებ ვერხოვნა რადაში „გარკვეული ჯგუფის მიერ“ შეტანილი კანონპროექტი, რომელსაც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე „კორუფციულს“ უწოდებს.

7 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, რამაც საქართველოს ხელისუფლებაში უკმაყოფილება გამოიწვია.

მსგავსი თემები