“მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა, არ დასტურდება და არ მტკიცდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა”, – ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს.
„ტენდენცია ამ ქვეყანაში გახლავთ შემდეგი, რომ ქალზე განხორციელებულ ძალადობაზე საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონის განცხადება და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბუნებრივია. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ და უნდა დაიცვან თავი მოძალადე მეუღლეებისგან. თუმცა მასალები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა და მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა არ დასტურდება და არ მტკიცდება რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მის მეუღლეზე იძალადა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონზე არავინ არ ძალადობს“,- განაცხადა ჭკადუამ.
ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცავს საკუთარ ინტერესებს და დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.
„რასაკვირველია, ვეთანხმები და ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე გმობს ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი არ გახლავთ მოძალადე ადამიანი, არ გახლავთ აგრესიული. ის არათუ საკუთარი ყოფილი მეუღლის და მისი შვილის დედის მიმართ, ზოგადად ყველა ქალბატონის მიმართ უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე მისთვის იმდენად შეურაცხმყოფელია და იმდენად ტრაგიკულია ეს მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ის არის, რომ ის იძულებული გახდა ყველა დონეზე, როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცვას საკუთარი ინტერესები და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.