“თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული” – ადვოკატი

  •  

“თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ ეს დიდწილად მის ოჯახთან და პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული”. – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თავად ქალბატონი ნელი უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში და არაერთი მიმართულებით ჰქონდა შემოთავაზება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, თუმცა მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, რომ მის ოჯახზე ეზრუნა“, – აღნიშნა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი ვინმეზე უნდა ძალადობდეს.

„მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია და ჩვენ ეს ყველას გვიხარია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით, უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ ის არის წარმატებული ადამიანი, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. ეს დაუშვებელია, ეს არ ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა, რადგან ის წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები