“სამწუხაროა, რომ ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია ” – ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ბასილაშვილის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს,როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სეოკ-ი გმობს ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს ყველა მხარს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.

“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

მსგავსი თემები