ტაქსით უნებართვო მომსახურება, პირველი ნოემბრიდან დასჯადი იქნება  

ტაქსების რეგულირებისა და სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თბილისის მერია გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება.

როგორც ​დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,  ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ.

​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით”, – აცხადებს ბითაძე.

რაც შეეხება ნებართვის საფასურს, მერის მოადგილის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავომობილების მფლობელებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი ეღირება, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის ნებართვა  უფასო იქნება.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.

მსგავსი თემები