“ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ – ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა” – ადვოკატი

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

„ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერც ერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი ამოძრავებს და ბასილაშვილი პროვოკაციას აქამდეც ელოდა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები. დასაკითხია ძალიან ბევრი მოწმე. გამოსათხოვია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხეები ყოფილი ცოლის მხრიდან, პროვოკაციების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს. ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მსგავსი თემები