ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლეს არ ახსოვს, მეუღლე ნაჯახით გამოეკიდა, თუ გიტარით

“გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი”, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, კონფლიქტში ყოფილი მამამთლიც ჩაერია.

“ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი,” – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.   

დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები