“ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი” – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. 

„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელი ასევე საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზე ისაუბრა.

„არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია.

„შეგვიძლია, ახლა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა.

მსგავსი თემები