ყაზბეგის მოსახლეობა სასმელი წყლის, ბუნებრივ აირისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაბა სტეფანწმინდაში, ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შეხვედრის დაგეგმვა განაპირობა მხარის გუბერნატორის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციამ, სადაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით აქტუალურია მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ქონების განკარგვის საკითხები, სასმელი წყლის, ბუნებრივ აირსა და კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მიწის რეგისტრაციასთან მიმართებით წარმოქმნილი სირთულეები.

„ხელისუფლების მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სწრაფი და ეფექტიანი განვითარება, ყველა მიმდინარე პროექტი ორიენტირებულია მოსახლების სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე…“  –  განაცხადა ​​მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა.

ჩამოთვლილი თემებიდან გამომდინარე, შეხვედრას იმ უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებსაც უშუალოდ უკავშირდება ყველა არსებული პრობლემის გადაჭრა.

შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა და გამოიკვეთა სამომავლო კომუნიკაციის აუცილებლობა მხარისთვის აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად.

მსგავსი თემები