თბილისის პარალელურად ცხოველების კასტრაცია ქვეყნის რეგიონებშიც უნდა დაიწყოს

თბილისში მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად, დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ყველაზე ჰუმანური და ეფექტიან მეთოდად, სტერილიზაცია – კასტრაცია მიაჩნიათ. თუმცა თბილისის პარალელურად პროცესი ქვეყნის რეგიონებში უნდა დაიწყოს, რადგან დედაქალაქში ცხოველთა რაოდენობის შემცირებას არ მოჰყვეს რეგიონებიდან მათი შემოდინება.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა,  საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიან და შემდგომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდებიან, უშუალოდ თბილისში კი ქუჩის ცხოველები ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან შემოდიან.

მისივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო.

“კასტრაცია -სტერილიზაციის ოპერაციას ჩვენთან ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტები ატარებენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უბნები დაიცალოს ცხოველებისგან, ეს არ იქნება სწორი, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ თუ დავინახავთ უბანში უბირკო ცხოველს დავრეკოთ “112”-ში, გამოვიძახოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები და უზრუნველვყოთ ამ ცხოველების აცრა და მათი კვლავ უბანში დაბრუნება იმისთვის, რომ მისი ადგილი სხვა ცხოველმა არ დაიკავოს, რომელიც არ იქნება გასტერილებული და ცოფზე აცრილი”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს მათთან დარეკონ მაშინაც, თუ უბანში შენიშნავენ ცხოველების ხროვას, რადგან ხროვის წევრი ცხოველები აგრესიულები არიან, ხოლო ხროვის გარეშე ცალკე მყოფები – უწყინარი. ადამიანების დაკბენის შემთხვევებს რაც შეეხება, ლომჯარიას ინფორმაციით, გაცილებით ხშირია პატრონიანი ცხოველისგან დაკბენის ფაქტები, ვიდრე მაწანწალა ძაღლისგან, რადგან ხშირად, პატრონები არ ზრუნავენ მათი ცხოველის ხასიათის კორექტირებაზე და მას აგრესიას აჩვევენ.

ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით თბილისში 43 182 მიუსაფარი ცხოველია აღრიცხული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითარება მკვეთრად არ შეცვლილა. ცხოველების აღრიცხვა 2019 წლისთვის კვლავ იგეგმება.

მსგავსი თემები