„ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხი უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების მიმართ კომუნისტურ ჩინეთის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარა” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანო გებრეიესუსს პეკინთან უჩვეულოდ ახლო კავშირები პანდემიის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა.

პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის მიმართ არასათანადო ქმედებებში კვლავ დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღია და გამჭირვალეა, თუმცა ამ განცხადებების ფონზე, პეკინი გამომძიებლებს გარკვეულ დაწესებულებები არ უშვებს, ვირუსის ცოცხალი ნიმუშების გაცემაზე უარს ამბობს და ქვეყნის ფარგლებში პანდემიის საკითხის განხილვაზე ცენზურა აქვს დაწესებული.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხი უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების მიმართ კომუნისტურ ჩინეთის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარა. პარტიამ ვირუსის ნიმუშების განადგურება არჩია იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის ინფორმაცია მოეწოდებინა,“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, თუკი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ნამდვილი ღიაობისა და გამჭირვალობის დემონსტრირება სურს, ჩინეთის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციები უნდა გამართოს და რეპორტიორებს კითხვების დასმის საშუალება მისცეს.

პომპეოს მტკიცებით, ჩინეთის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში წვრილმანია იმ ხარჯთან შედარებით, რაც მათ თავიანთი უმოქმედობით მსოფლიოს დააკისრეს.

“ეს უბედურება ამერიკას 90 000-მდე ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა. მარტიდან 36 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური. მსოფლიოში მას 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოხლე შეეწირა, ფინანსურმა ზარალმა კი, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა 9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

მსგავსი თემები