“დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები წლის ბოლომდე სრულად შეიცვლება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა.

„საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები დამოკიდებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. ​დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის იყო დისკომფორტი ამ ავტობუსით გადაადგილება. ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები. თბილისის ეყოლება „ევრო 6“-ის ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. ჩვენ ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ამუშავებს მთელი ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები, მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას აგვისტოში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული. თუმცა წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები