“საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს” – კახა კუჭავა

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომელიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს.

„ანგარიშში თავიდანვე პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ნაწილი – ჩვენი ღონისძიებები, გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო საქმიანობა, თუმცა პოზიტივთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი. ნახსენებია საკითხები, რომელზეც ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს და გააუმჯობესოს ის მიღწეული შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს. ვეროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს არის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებული იქნება და ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ახსენა ტერმინი „პოლიტპატიმარიც“, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ევროპარლამენტარების კომენტარები, რომლითაც ფაქტობრივად, პასუხი გაეცა ამ გამონათქვამს.

„საუბარია მარინა კალიურანდის კომენტარზე, რომელმაც მოუწოდა კოლეგებს, რომ თავი შეიკავონ სოციალური ქსელების საშუალებით, განსაკუთრებით, „ტვიტერის“ საშუალებით ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებისგან. ასევე, მოუწოდა კონსტრუქციული დიალოგისკენ ყველას. საბოლოო ჯამში, ანგარიში პოზიტიურად შეფასდა. ბევრი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარიც კი ხაზს უსვამს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დამოუკიდებელ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, როგორიც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს და ბოლო არჩევნების დროსაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია ყოველ წელს კიდევ უფრო გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარების სტანდარტი“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს განიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა.

მსგავსი თემები