“ჩვენ მოგვიწევს ინფექციის მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა” – არჩილ თალაკვაძე

მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როდესაც შევიწროებული იქნება ის შეზღუდვები, რომლებიც ინფექციის სრულ განეიტრალებამდე არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ბიუროს სხდომაზე, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მსჯელობენ. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„მოგეხსენებათ, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მუშაობს საგანგებო რეჟიმში. შესაბამისად, დღევანდელი ბიუროს სხდომა არის იმიტომ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე ჩავატაროთ სხდომები, განვიხილოთ ყველა ის აუცილებელი საკითხი, რომლითაც მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტას.

მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა უკვე პრემიერ- მინისტრმა და ამ მომენტისთვის ობიექტური საფუძვლები, რის გამოც ფართო შეზღუდვები, ანუ საგანგებო მდგომარეობა და მისი გაგრძელება შეიძლება, იყოს საჭირო, ამ მომენტისთვის არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როდესაც უფრო ლოკალური ხასიათის, უფრო შევიწროებული იქნება ის ღონისძიებები და შეზღუდვები, რომლებიც მაინც საჭირო რჩება ჯერჯერობით, ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება არ მოხდება ან არ მოხდება მისი სრული ლოკალიზება.

როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ინფექციის მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და ამ რეჟიმში მოგვიწევს, რომ ვისწავლოთ ინფექციის პარალელურად მუშაობა, ვისწავლოთ პროცესების მართვა, რაც უკიდურესაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

აქ არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, პირველ რიგში, საქართველოს კანონის პროექტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, რომლის ინიციატორები ჯანდაცვის კომიტეტის წევრები არიან, ორი კანონპროექტისგან შედგება. მას ახლავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. ინიციატორი კანონის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

მსგავსი თემები