კასტრაცია-სტერილიზაცია ცხოველს იცავს სიმსივნური დაავადებებისგან – ვახტანგ ლომჯარია

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ შინაური ცხოველი გამრავლების მიზნით არ ჰყავთ და მათთვის ეს ბიზნესის წყაროს არ წარმოადგენს, იზრუნონ მათ კასტრაცია-სტერილიზაციაზე. ამ შემთხვევაში ცხოველი დაცული იქნება სხვადასხვა სიმსივნური დაავადებებისგან და რამდენიმე წლით გაუხანგრძლივდება სიცოცხლე.

​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუსაფარ ცხოველებს თბილისის მასშტაბით, წელიწადში 4 000-მდე კასტრაციის ოპერაცია უტარდებათ, პირველი სამი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა 270-მდე ოპერაცია. დღეში საშუალოდ  17 ოპერაციაა ტარდება.

​ლომჯარიას თქმით, ეს ძალიან ცოტაა იმ ფონზე, რა რაოდენობის ცხოველის არსებობს დედაქალაქში.

“საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ჯიშების შენახვის მხრივ, აკრძალულია მეტისების გამრავლება, მაგრამ სამწუხაროდ, შინაური ცხოველების პატრონები ხშირად ვერ ითავისებენ იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას. ეს არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი ნაწილობრივ ცხოველის ხასიათის დადებითი მიმართულებით შეცვლის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ​სტერილიზაცია – კასტრაციის ოპერაციის შემდეგ, მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების – საშვილოსნოს, პროსტატის, საკვერცხეების და სხვა დაავადებების რისკი და ცხოველი ხდება უფრო ჯანმრთელი, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება 2-დან 4 წლამდე. თუ არ ხართ მომშენებელი და არ გსურთ აქედან ბიზნესის კეთება, ასეთ შემთხვევაში ძალიან სწორი იქნება თუ ცხოველს ჩაუტარებთ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციას”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე ინფორმაციით, შინაური ცხოველები საქართველოში ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიან და ნაწილდებიან ქვეყნის რეგიონებზე, რეგიონებიდან და თბილისში მოედინებიან საკვების რაოდენობის მიხედვით.

​ცხოველებს აქვთ მოქმედების მიგრაციის კანონი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ, რომელიმე ოთხფეხას სხვა ტერიტორიაზე გადავიყვანთ, მის ტერიტორიას აუცილებლად დაიკავებს სხვა ცხოველი. მათ აქვთ თვიანთი სამოქმედო სფერო, რომელსაც ისინი აკონტროლებენ და არ უშვებენ სხვა ცხოველს, ამიტომ პრობლემის მოგვარება თუ გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მასშტაბით ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამები და გამრავლების კონტროლი უნდა დავიწყოთ”, – აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი.

მისივე თქმით, როგორც კი თბილისში შემცირდება ცხოველთა რაოდენობა, ეს მაშინვე გამოიწვევს ცხოველების შემოდინებას ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხრიდან და რაოდენობა იგივე გახდება, რადგან ცხოველების რაოდენობა კონტროლდება საკვების რაოდენობით.

მსგავსი თემები