“ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება” – ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია.

„ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გადასაწყვეტი. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ​კლასტერის ყველა კონტაქტი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციასა და მითითებას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205 პირია თვითიზოლაციაში.

მსგავსი თემები