“ის, რომ ვინმე ამერიკაში ან ევროპაში მუშაობს, ცალსახად არ ნიშნავს, რომ უკეთესი ექიმია” – სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი ექიმი

“ეს არაა ჩემი პროფესია, როგორც თქვენ, მეც ისე ვუყურებ ამ რიცხვებს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს რიცხვები (ინფიცირების) საქართველოში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. რა არის ამის ახსნა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ნაწილი არის იმის შედეგი, რაც კეთდება საქართველოში, ნამდვილად სწორად კეთდება“, – ამის შესახებ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ სამმა ადამიანმა – ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და თენგიზ ცერცვაძემ, რომლებიც ძირითადად, ეპიდემიის მართვას უძღვებიან, თავიანთი საქმე კარგად იციან.

„მთავრობის ჩარევას ვერ ვხედავ ძალიან დიდს და მახარებს, რომ რაღაც დონეზე მათ მიანდეს ამ საქმის კეთება. როცა ადამიანებმა იციან საქმე, საფუძვლები, ეს იციან ბევრად უკეთ, ვიდრე ნებისმიერმა, ამერიკაში ან ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა. ის, რომ ვინმე ამერიკაში ან ევროპაში მუშაობს ექიმად, არ შეიძლება ცალსახად მივიღოთ მტკიცებად, რომ ის ნამდვილად უკეთესი ექიმია, ან უფრო მცოდნეა.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, უმეტესობა ექიმებისა, ვინც მე ვიცი, საქართველოდან წამოსული, მეც მათ რიცხვში ვართ საშუალო დონის ექიმები. არავინ არაა ისეთი გამორჩეული, რომელიც რაღაცებს წყვეტდეს, დიდი ორგანიზაციული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ან თავის დარგში საუკეთსო და მოწინავე იყოს, თითქმის არ არიან, ერთი ორი შეიძლება ჩამოითვალოს. არ მგონია, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს ან თენგიზ ცერცვაძეს მათგან რაიმეს სწავლება სჭირდებოდეს, ადამიანებისგან, რომელთა პროფესია ეს სფერო არ არის და იგივე ინფორმაციას ეყრდნობიან, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ქართველმა ექიმმა.

მსგავსი თემები