პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი გუნდი რეფორმებისთვის ემზადება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე ახალ წევრტან ერთად, რეფორმების განხორციელებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს. როგორც პრემიერმა ახალი მინისტრების წარდგენისას აღნიშნა,  მთავრობის მიერ ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება.

„განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და ახალი რეფორმები, რომელსაც შემოდგომაზე წარმოგიდგენთ, 2018-2019 წლებში დაინერგება.   ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სისტემური მენეჯმენტი და  ეფექტური სამთავრობო რგოლები სჭირდება,  რომელიც ეფექტური კადრებით იქნება დაკომპლექტებული“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის განსაკუთრებულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის რეფორმების დიდი ნაწილი ციფრულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ივანე მაჭავარიანის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით თვალსაჩინოა.

„ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები