“მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

“არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალებული სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.

„არავინ და არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს. არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რა. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ უნდათი არ უნდა საუბრობდეს. მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრი გარემოებებს, რომლის გამოც შესაძლოა, ადამიანებს შეუმსუბუქდეთ სასჯელი ან სულაც გაუუქმდეთ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულებები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები