„ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია, ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაჩნდეს“ – ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

 “დღევანდელ სიტუაციაში ჭორები უფრო საშიშია, ვიდრე ვირუსი. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ვირუსის წყარო, ზოგიერთები ამპარტავნული, მიკერძოებული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის განზრახ ჩირქს სცხებენ ჩინეთს, რაც ფაქტების და მეცნიერების უპატივცემულობაა, უფრო მეტად კი  ჩინელი ხალხის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გაღებული უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის შეურაცხყოფაა, რაც ჩინეთისთვის დაუშვებელია” – აცხადებს ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან.“

რა პრობლემები შექმნა ე.წ. ჩნურმა ვირუსმა; როგორ უმკლვდება  პანდემიას და როგორ „ცოცხლდება“  ქვეყანა; როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ურთიერთობა და რა ეკონომიკურ ზარალს განიცდიან ქვეყნები – ამ და სხვა საკითხებზე „მედიაცენტრი მთავარი“   ჩინეთის ელჩი საქართველოში – ლი იენი  ესაუბრა. 

„მედიაცენტრი მთავარი:“ კორონავირუსის პანდემიის მხრივ ჩინეთში, ამ დროისთვის არსებული რეალური სურათი როგორია, რა ხდება ქვეყანაში, როგორცოცხლდება. რა ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ თქვენმა ქვეყანამ?

ლი იენი: პრეზიდენტ სი ძინფინგის პირადი ხელმძღვანელობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, ჩინეთის მთავრობამ, როგორც ყოველთვის, ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება პირველ ადგილზე დააყენა და დროული და გადამწყვეტი ზომები გაატარა ადრეული აღმოჩენის, ადრეული შეტყობინების, დროული იზოლაციისა და დროული მკურნალობის, პაციენტების, ექსპერტების, რესურსების თავმოყრისა და  მკურნალობაზე კონცენტრირების მიმართულებით. ცხარე ბრძოლის შედეგად, ჩინეთმა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა, ეპიდემიის გავრცელება ძირითადად აღმოფხვრილია. მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ პაციენტების მკურნალობაში. ჯამში 78,000-ზე მეტმა განკურნებულმა პაციენტმა დატოვა საავადმყოფო, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 94%-ზე მეტია.

ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის დასაძლევად, ჩინეთის მთავრობა მტკიცედ უწყობს ხელს მუშაობისა და წარმოების განახლებას, მაკროეკონომიკური პოლიტიკის რეგულირებასა და მისი განხორციელების გაძლიერებას, რისთვისაც 8 სფეროში 90 ზუსტი პოლიტიკური ზომა გატარდა. სამეცნიერო პოლიტიკის დახმარებითა და მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობით, მუშაობა და წარმოება თანდათან ნორმალურ დონეს უბრუნდება, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციონირებაც თანდათან ნორმალიზდება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ მინდა გკითხოთ საქართველო-ჩინეთის ლი თანამშრომლური ურთიერთობებზე. კერძოდ,  რა ნაწილში შეიძლება პანდემიამ შექმნას პრობლემა თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით; შეიცვალა თუ არა საქართველოში დასაქმებული ჩინელი მოქალაქეების რაოდენობა ეპიდემიის გამო?

ლი იენი: დღეს, ეპიდემიის გამო, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინეთ-საქართველოს შორის ხალხის და ჯგუფების მიმოსვლა დროებით შეწყდა, თუმცა ორმხრივი საქმიანი თანამშრომოლობა არ შეჩერებულა. ორმხრივი ვაჭრობა შეუფერხებლად გრძელდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურ ზრდას განაგრძობს, ნამატმა 9.5% შეადგინა. საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილურობისა და დასაქმების უზრუნველსაყოფად აღებული კურსის ხელშესაწყობად, ჩინური კომპანიები ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სანიტარიის წესების დაცვით ხელს უწყობენ სამშენებლო პროექტების სწრაფად განხორციელებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის საქმიან თანამშრომლობაში სტაბილური წინსვლის კუთხით საერთო ვითარება ეპიდემიის გამო არ შეცვლილა.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 1800 ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს. მათი ძირითადი ნაწილი ჩინური კომპანიების თანამშრომლები, ბიზნესმენები, მასწავლებლები და სტუდენტები არიან. ისინი მკაცრად იცავენ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიასთან დაკავშირებით გატარებულ სხვადასხვა სახის ზომებს. დღემდე საქართველოში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქის ინფიცირების ან დაავადების საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა. ორ ქვეყანას შორის ფრენების შეჩერების შედეგად, ჩინეთის რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად სამშობლოში დაბრუნდა, დროებით საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეპიდემია მალე ჩაივლის, საქართველოში დაბრუნებას და მუშაობის განახლებას მალე შეძლებენ და საქართველოს აღმშენებლობაში და ჩინეთ-საქართველოს შორის საქმიან თანამშრომლობაში საკუთარი წვლილის შეტანას გააგრძელებენ.

ამავდროულად, საქართველოში წარმოდგენილი ჩინური კომპანიები აქტიურად ასრულებენ თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას და  ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას მუდმივად იღებენ. არა ერთმა ჩინურმა კომპანიამ დიდი რაოდენობით ნიღბები, დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და სხვა საჭირო სამედიცინო ნივთები საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს საჩუქრად გადასცა. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ ეპიდემიასთან საბრძოლველად ფულადი დახმარება გაიღო, ხოლო ზოგიერთმა მოწყვლად ჯგუფებს გაუგზავნა დახმარება და სითბო. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჩინელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა, რაც მომავალში ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების ქვაკუთხედად იქცევა. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიით შექმნილი მდგომარეობა რომ ჩაივლის, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების დიდი პოტენციალი კიდევ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ თუმცა, უდავოა, რომ პანდემიამ ეკონომიკა სერიოზულად შეარყია.  რა უარყოფითი გავლენა იქონია ეპიდემიამ ჩინეთის ეკონომიკაზე?

ლი იენი: ამჟამად, ჩინეთის უმეტეს რეგიონში წარმოება და მუშაობა თითქმის ბოლომდე აღდგა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლების დროც ძირითადად განისაზღვრა, მთელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური წესრიგის თანმიმდევრული აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ეპიდემიამ გარკვეული გავლენა იქონია ჩინეთის ეკონომიკაზე. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ  6.8% -ით შემცირდა. თუმცა, აუცილებელია ითქვას, რომ ეს ნეგატიური გავლენა დროებითია და ქვეყნის ეკონომიკის პირვანდელ სახეს ვერ შეცვლის. ჩინეთის ეკონომიკას დიდი შიდამასტიმულირებელი ძალა, გამძლეობა და საკმარისი პოტენციალი გააჩნია, რათა შემდეგ ეტაპზე კვლავ მიაღწიოს ზრდას და შეინარჩუნოს გაუმჯობესების ტენდენცია. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს გლობალური ეკონომიკის 3% -ით შემცირების პროგნოზი გააკეთა, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა 1,2% -ით გაიზრდება. ჩინეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე წამყვან ეკონომიკას შორის, სადაც პოზიტიური ზრდა არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,2% იქნება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ჩინეთმა პანდემიის პირობებში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება შეიძინა, როგორია თქვენი ჩართულობა სხვა ქვეყნების დახმარების კუთხით? .. ჩინური დახმარება?

ლი იენი: პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია და საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ძალების გაერთიანებით შეძლებს ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ეს გამარჯვება მხოლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მტკიცე, თუ ყველა ქვეყანა შეძლებს ეპიდსიტუაციის კონტროლს. ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქვეყნის შიგნით ეპიდსიტუაციის კონტროლს მიაღწია, ყოველთვის ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ინარჩუნებს და ეპიდსიტუაციის შესახებ დაუფარავად აწვდის ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებას, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, აქტიურად არის ჩართული ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობაში, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს ქვეყნებს, მათთან ერთად იცავს რეგიონულ და გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

ჩინეთმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ცოდნის ონლაინ ცენტრი გახსნა, რომელზეც წვდომა ყველა ქვეყანას აქვს. დღეისათვის საჯაროდ გამოქვეყნებულია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის 7 გამოცემა და პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის 6 გამოცემა. დღემდე ჩინური მხარის ორგანიზებით 150-ზე მეტ ქვეყანასთან 80-ზე მეტი ჯანდაცვის სპეციალისტთა ვიდეო კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩინეთში ეპიდემიის განვითარების სიტუაცია და პრევენციის, კონტროლის, მკურნალობის და სხვ. მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი. ჩინეთი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ახორციელებს საგარეო დახმარებას და თანამშრომლობას. მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე ორჯერ, ჯამში 50 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება. ჩინეთის მთავრობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები 150-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას სამედიცინო ნივთებით ეხმარება, ხოლო მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფებს გზავნის.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, რის შემდეგაც ჩინეთმა ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწოდა ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლთან, დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პროტოკოლები. ჩინური მხარის ორგანიზებით საქართველოს ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებისთვის უკვე სამჯერ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია. ქართულ მხარეს საჩუქრად რამდენჯერმე გადავეცით რეაქტივების ნაკრებები, ნიღბები, დამცავი სამოსი, ტესტები და სხვა სამედიცინო ნივთები. დღეისათვის ჩინეთს ქართული მხარისთვის გადაცემული აქვს 200,000 ცალი ნიღაბი, 24,000 რეაქტივების ნაკრები, თითქმის 100,000 წყვილი ხელთათმანი და 3,000 კომპლექტი დამცავი ტანსაცმელი და სხვ. გარდა ამისა, ჩინური მხარის კოორდინაციითა და ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ ჩინეთიდან 50 ტონაზე მეტი სამედიცინო ნივთები შეიძინა. ჩინეთი ყოველთვის პრაქტიკული ქმედებებითა და მთელი ძალისხმევით ეხმარება ქართველ მეგობრებს ეპიდემიის სწრაფად დამარცხებაში.

„მედიაცენტრი მთავარი:“  უამრავი ჭორმართალი ვრცელდება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ცხოველების ბაზრობაზე, ვირუსის ხელოვნურობაზერას გვეტყვით ამ კუთხით? ზოგადად, პანდემიამ, როგორ შეიძლება დააზარალოს უშუალოდ ჩინეთი, იმიჯის თუ პოლიტიკური თვალსაზრისით?

ლი იენი: ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია და იგი ნებისმიერ დროსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაჩნდეს. ვირუსის წყარო სერიოზული სამეცნიერო პრობლემაა, სამეცნიერო პრობლემები კი მეცნიერებსა და პროფესიონალებს უნდა დავუთმოთ სამეცნიერო არგუმენტების სრული დაცვით გადასაწყვეტად. მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრს მუშაობენ ვირუსის წყაროს მისაკვლევად. ერთად დაველოდოთ მათ წარმატებას. ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ახალი კორონავირუსული ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და პირველი იყო, ვინც ამ ადამიანებისთვის აქამდე უცნობმა ვირუსმა ყველაზე ადრე დააზარალა. ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით მიღწეული ამჟამინდელი შედეგების სანაცვლოდ ჩინეთმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რამაც სხვა ქვეყნებს ეპიდემიასთან საბრძოლველად დრო მოაგებინა და ღირებული გამოცდილება შესძინა. დღევანდელ სიტუაციაში ჭორები უფრო საშიშია, ვიდრე ვირუსი. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ვირუსის წყარო, ზოგიერთები ამპარტავნული, მიკერძოებული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის განზრახ ჩირქს სცხებენ ჩინეთს, რაც ფაქტების და მეცნიერების უპატივცემულობაა, უფრო მეტად კი  ჩინელი ხალხის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გაღებული უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის შეურაცხყოფაა, რაც ჩინეთისთვის დაუშვებელია.

ეპიდემია ჩინეთის შესაძლებლობების გამოცდა და ქვეყნის იმიჯის სარკეა. ერთი ჩინური ლექსის მიხედვით, “ბალახის სიმყარე ძლიერ ქარში გამოიცდებაო”. ამ ქარიშხალს, რომელმაც მთელი სამყარო მოიცვა, ჩინეთი მძლავრი ზომებით, სწრაფი რეაგირებით, მეცნიერული მიდგომით, ძალების გაერთიანებით და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად გაუმკლავდა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ნაბიჯ-ნაბიჯ გაიმარჯვა. იგი საკუთარ გამოცდილებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებს უზიარებს და საერთაშორისო დახმარებას უწევს, კონკრეტული ქმედებებით ახორციელებს „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას, რაც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოს იმიჯის გამოვლინებაა.

„მედიაცნტრი მთავარი:“ რა რეჟიმში მუშაობს საელჩო და როგორ არიან დაცულები თქვენი თანამშრომლები?

ლი იენი: საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან, საელჩო ქვეყანაში დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად  დადებითად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მოწოდებებს და აქტიურად გააძლიერა სანიტარული და ეპიდემიის პრევენციის ღონისძიებები, შეზღუდა პერსონალის თავშეყრა და გარეთ გასვლა. ეპიდსიტუაციის განვითარების შესაბამისად ზომები მუდმივად ახლდება. საელჩომ ქართველ თანამშრომლებსა და დაცვის თანამშრომლებს ეპიდემიის პრევენციისთვის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები, სველი ხელსახოცები და სხვა ნივთები დაურიგა. ყოველდღიურად ხდება საელჩოს სრული დეზინფექცია და ყველა თანამშრომელი ვალდებულია შენობაში ატაროს ნიღაბი. ამჟამად, საელჩოს ქართველი თანამშრომლები სახლიდან დისტანციურად მუშაობენ და საელჩოში მოსვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში არის საჭირო.

ამასთან, საელჩოს ყოველდღიური საქმიანობა არ შეჩერებულა. ჩინელი დიპლომატები სანიტარული წესების დაცვით აგრძელებენ მუშაობას და ხელს უწყობენ ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივ პოლიტიკურ გაცვლასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის ეპიდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობის განხორციელებაა. იმედი გვაქვს, ეპიდემია მალე ჩაივლის და საელჩო საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. იმ დროისთვის, ქართული მედიის წარმომადგენლებსაც მოვიწვევთ საელჩოში.

„მედიაცენტრი მთავარი:“ პირადად თქვენზე რამ იმოქმედა ამ პერიოდში ყველაზე ნეგატიურად, რაზე გწყდებათ გული?

ლი იენი: მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს, ხალხისა და ჯუფების მიმოსვლა დროებით შეფერხებულია. თავდაპირველი გეგმით, მიმდინარე წლის მაისამდე საქართველოში ჩინური ფილმების კვირეულის ჩატარება, ჩინეთის ძიუდოს ეროვნული გუნდის შეჯიბრში მონაწილეობა და ქართველი ჟურნალისტების ჩინეთში ვიზიტი იგეგმებოდა. მსგავსი მნიშვნელოვანი კულტურული და გაცვლითი ღონისძიებების მოწყობა მხოლოდ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მე შარშან ივლისში ჩამოვედი საქართველოში და ამ გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში ვიზიტს ვგეგმავდი, რომ უკეთ გამეცნო ადგილობრივი პირობები და წეს-ჩვეულებები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ხელი შემეწყო ჩინეთ-საქართველოს შორის ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობისთვის; ასევე ვგეგმავდი ქართულ უნივერსიტეტებში, საშუალო სკოლებში და მედია ორგანიზაციებში სტუმრობას, საგანმანათლებლო და მედია წრეების წარმომადგენლებთან სიღრმისეული გაცვლისათვის, მაგრამ ეს გეგმები დროებით გადაიდო. ჩინელები ხშირად ვამბობთ, რომ კარგი საქმეები სიძნელეების გარეშე არ გამოდის. მჯერა, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები ენერგიულად გაგრძელდება. მეც მექნება შესაძლებლობა, რომ  ყოველმხრივ გავიცნო საქართველო და ხელი შევუწყო ორმხრივი თანამშრომლობის მეტ სფეროში დაწყებას.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები