“მარნეულსა და ბოლნისში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა

“ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ვინაიდან, 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში სწორედ 18 მაისიდან შედის.

დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე); ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას; ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

დადგენილების თანახმად, შეჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

გადაადგილებასთან დაკავშირებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები/უწყებები, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს დამხმარე ფუნქციას.

დადგენილება  2020 წლის 18 მაისიდან ამოქმედდება

მსგავსი თემები