18 წლამდე პირებს 500, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს 1000 ლარი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდაჭერის გეგმა წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა.

მელიას განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გეგმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 500 ლარით, ხოლო 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 1000 ლარით დახმარებას ითვალისწინებს.

მელიას განმარტებით, მხარდაჭერის გეგმაში არ მოიაზრებიან ის პირები, რომლებსაც 40 ათასი ლარი და მეტი შემოსავალი აქვთ.

ნიკა მელიას შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და სახელმწიფო მოქალაქეებს სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა დაეხმაროს.

„უალტერნატივო და უპირობო გამოსავალია, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ. ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მიგვაჩნია სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ – 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ, ყველა ბავშვს – 500 ლარი.

ხელისუფლება მოქალაქეების დახმარების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. ერთადერთი, რაც მილიარდელის ხელისუფლებამ გააკეთა, არის მშრალი დაპირების გაცემა, რომელიც 2 მილიონ 700 ათასს ადამიანს არ შეეხო.

ამიტომ, ხელისუფლებავ, კეთილი ინებეთ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა, თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. სწრაფი ფულადი დახმარება ყველას. თუ ამის შესაძლებლობა თქვენ არ გაქვთ, კეთილი ინებეთ და დატოვეთ ის სამუშაო ოთახები, გამოდით, ვიდრე დროა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, ამ ხალხს დაეხმაროთ. თუ ვერ ეხმარებით, გამოდით და დაეხმარება სხვა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები