“ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და ფერმერული საქმიანობა დაიწყო” – ლევან დავითაშვილი

ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ყოველთვის გვქონდა აქცენტი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე,  პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებებით სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რომლებიც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არაერთხელ გაგივცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ როდესაც ვაწყდებით კრიზისს კოვიდიდან გამომდინარე, ნებისმიერი მთავრობის მხრიდან ყველაზე სწორი ალბათ იქნებოდა ამ კრიზისის შესაძლებლობებში გადატანა, თუ შესაძლებლობების გამონახვა. დავინახეთ, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად ეკონომიკის სტრუქტურა შეიცვალა. ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა სერვისის სწრაფ ზრდას და ბუნებრივია, რომ ეს ნორმალური პირობებია. დღეს კი, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე გვქონდა შეზღუდული მობილობა და ასე შემდეგ, ვიცით, რომ ფერმერული მეურნეობები და საქმიანობები, არამხოლოდ საქართველოში, მკაცრ საკარანტინო პირობებშიც კი დაშვებული იყო ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, რადგან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის შემცველია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს შესაძლებლობებს ქმნის მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა ლეგალურად აქვს, ფერმერული საქმიანობა განავითარონ.

„ის, რომ ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ, ვფიქრობ,  აბსოლუტურად ლოგიკურია, თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვქონდა და თანმიმდევრულია ჩვენი პოლიტიკის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რომელზეც აქცენტი გვქონდა – უფრო მეტი კომერციალიზაცია ჩვენი ფერემრების, მეტი კოოპერაცია, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები მომავალში. ასევე აქცენტი მაღალი ღირებულებისა და საექსპორტო კულტურებზე. საბოლოოდ, ამაზე უარი არ გვითქვამს და სამინისტროს არც ერთი პროგრამა არ დაუკორექიტრებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მაღალი ღირებულების კულტურებზე, მათ შორის მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია,  ინტენსიურად აფინანსებს. ეს არის უკვე უახლოეს ხანებში მრავალმილიონიანი შემოსავალი, მათ შორის საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი შედეგებს ვერ ვაჩვენებდით, რადგან ეს იყო სამუშაოები, რომელიც მომავალში იძლევა შედეგებს, იმედი მაქვს, 2020 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ვნახავთ, როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ამ ახალი გაშენებული თანამედროვე ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით მხარს უჭერდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, კრიზისის დასრულების შემდეგ მოთხოვნა აღდგება, ასევე მარკეტინგული კუთხით საქართველოს აქტუალობა გაიზრდება.

„კრიზისი გადაივლის, მოთხოვნა აღდგება, გაძლიერდება ეკონომიკა, რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პორტფელში არსებულ, ჩვენთვის საინტერესო კულტურებზე მოთხოვნა საკმაოდ მყარია. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია, ვგულისხმობ, თხილის კულტურას, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს წარმოადგენს, აგროსასურსათო პროდუქტის, რომელიც ჩვენი ექსპორტის ფაქტობრივად მესამედია. ასე რომ, ამ მიმართულების მხარდაჭერა წელსაც მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული და გრძელდება ის მიმართულებები, რომელიც ამ პორტფელს კიდევ უფრო გააძლიერებს, უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და არის შემავსებელი ეფექტის, ანუ სხვა ხილის კულტურები, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და რუკაზე, სადაც წერტილი სახით საქართველო გამოჩნდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები