„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დიდი რისკია“ – ეპიდემიოლოგები შეზღუდვების აღდგენას არ გამორიცხავენ

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვების რეკომენდაციას არ იძლევა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ,  მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვირუსის მატების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვის რეკომენდაციები ისევ გასცენ.

„ნებისმიერი ცვლილება, საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად, უნდა იყოს ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან.  თუ რისკების მატების შედეგად  დღის წესრიგში დაავადების შემთხვევათა მატება დადგა, რომელმაც შესაძლოა რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შესაძლოა მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება“ – განაცხადა ზახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც საზოგადოებას მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ.     

მსგავსი თემები